20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
თბილისის საკრებულოს წინ გამართული აქციის დროს ერთ-ერთი დაკავებული ნაცემია - დაკავებულების ნაწილს ადვოკატი შეხვდა

თბილისის საკრებულოს წინ ოფიციალური ინფორმაციით, ცხრა პირია დაკავებული. თუმცა, დაკავებულების ადვოკატის, ივანე პეტრიაშვილის, ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 12-მდეა გაზრდილი.

ასევე, ადვოკატი აღნიშნავს, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში მხოლოდ სამ დაკავებულს გაესაუბრა. ივანე პეტრიაშვილის თქმით, ერთ-ერთი დაკავებული პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზეც საუბრობს.

„საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში, თორნიკე ბიკაშვილი, ამბობს, რომ მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა ფიზიკური იძულება, ზეწოლა. ასევე, მასზე იძალადეს, გამსკდარი აქვს ტუჩი, ფეხზე მიყენებული აქვს დაზიანებები. ამბობს, რომ პოლიციელებმა მას მიაყენეს დაზიანებები,“ - განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ ენმ-ის ლიდერები და პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

თბილისის პოლიციის სამმართველოში ასევე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც თავად მოინახულებს დაკავებულებს.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, აცხადებს, რომ კოტე იოსელიანის სამმართველოში გადაყვანის შემდეგ, სამართალდამცავები მის ადგილსამყოფელს მალავდნენ.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, ხელისუფლებას აქციის მონაწილეები დაკავების გამო აკრიტიკებს.

საკრებულოს შენობასთან ენმ-მ ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტში მიწების გადაცემის გასაპროტესტებლად აქცია გამართა. აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის დროს აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ითვალისწინებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას. 

დღის ამბები