20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას ოპოზიცია სასამართლოში გაასაჩივრებს

ოპოზიცია თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეიდან სასამართლოში შესატან სარჩელზე იწყებს მუშაობას.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტისა და წესების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

„საჩივარი შევიტანოთ საქალაქო სასამართლოში და გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება. ისევე ერთად დავდგეთ, როგორც ვიდექით ნაზღაიძის საქმეზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ფარცხალაძის საკითხზე. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც და აუცილებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ ოპოზიციურმა ძალებმა,“-ამბობს ფრაქცია „თავისუფლებისთვის - თბილისის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

სარჩელს, რომელიც თბილისი საქალაქო სასამართლოში შევა, უერთდება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

„სამართლებრივი გზით გაპროტესტებას შევუერთდები, თუმცა გულდაწყვეტით ვიტყვი ერთ ამბავს, მე ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ დაეტოვებინათ საკრებულო და დღეს უკვე სხვა სურათი გვექნებოდა. დღეს გვექნებოდა მხოლოდ „ქართული ოცნება“ ნოტარიულ ბიუროდ, რომელიც გააპრავებდა და ხელს მოაწერდა ივანიშვილის ახირებულ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი შაბათს უკანონო გადაწყვეტილების გაპროტესტებას მაშტაბურ აქციაზე გეგმავს.

„როგორი ფორმით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა დაპირისპირების ფონზე, 12-მდე ჩვენი თანამებრძოლი დაკავებულია და საბოლოო ჯამში რა მივიღეთ, კიდევ ერთი ავტოფარეხი დაიკანონა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ცენტრში და თაბორის მთაზე ახალი მიწის ნაკვეთი, რად უღირთ ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ ჩვენი პროტესტი გრძელდება, შაბათს ჩვენ ვგეგმავთ მრავალათასიან აქციას უკვე, რათა ეს უკანონო გადაწყვეტილება არ იქნას აღსრულებული,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კანონის დარღვევას გამორიცხავს თავად უმრავლესობა. თბილისის საკრებულომ ხმაურიანი პროტესტის ფონზე გუშინ საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის დამატებით 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები