საკრებულოს შენობასთან აქციაზე დაკავებულები ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. პროცესი სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება. სამართალდამცველები მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაკავებულია 9 ადამიანი, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, იზოლატორში აქციის 14 მონაწილე წაიყვანეს. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, პარტიის წევრები და თბილისის მაჟორიტარობის სამი კანდიდატი. ერთ-ერთი მათგანი, თორნიკე ბიკაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატია, ადვოკატების განცხადებით, ნაცემია და ეს სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა.
„დაზიანებაზე მნიშვნელოვანია ის ზიანი, რომელიც დედაქალაქს ადგება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში. არც ერთ ბრალს, რომელსაც პოლიცია მდებს, არ ვაღიარებ,“- განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.