ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ლიდერებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ბრიუსელში უკვე მუშაობენ დეკლარაციის ტექსტზე, რომელსაც ნოემბრის სამიტზე დაამტკიცებენ.
უკრაინის მომავალთან დაკავშირებით კონფერენციაზე საქართველოსა და მოლდოვის საკითხებზეც იმსჯელეს. კონფერენციაზე საუბრის ძირითადი თემა მინსკის ხელშეკრულება, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები იყო. ასევე, ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ნოემბერში გაიმართება.
კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელები იყვნენ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილტი და რადას საგარეო კომიტეტის წევრი.
მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები და გერმანია თავს იკავებენ, საბოლოო დეკლარაციაში იყოს მკაფიო პოლიტიკური გზავნილები ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ასპირანტობასა და შემდეგ უკვე წევრობაზე.
გამომსვლელები კი თვლიან, რომ პირიქით, ევროკავშირის ლიდერებმა ღიად უნდა დაუჭირონ მხარი ამ ქვეყნებს.
„ვიმედოვნებ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში ვიხილავთ იმას, რაც წინა დეკლარაციებში უკვე ასახულია, კერძოდ იმას, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დიდი ხანია ევროპისკენ მიისწრაფიან. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია საუბარი როდის ან როგორ შეუერთდებიან ეს ქვეყნები ჩვენს ორგანიზაციებს, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა კვლავ გაგვემეორებინა, რომ ეს ქვეყნები ევროპისკენ მიისწრაფიან,“ - განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.
რადას დეპუტატი თვლის, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია დამოკიდებული არის რუსეთის ფაქტორზე.
„არ უნდა გვეშინოდეს, რომ ამგვარ მხარდაჭერას რუსეთი ცუდად აღიქვამს და არაადეკვატურ ქმედებებს დაიწყებს. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას უბნებოდნენ რომ, ნატო-ში ინტეგრაციის დრო არ იყო და პასუხად რა მივიღეთ რუსეთიდან? რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხა თავს და მერე უკრაინას. ვფიქრობ რომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის გაკვეთილი და აღარ დავუშვათ იგივე შეცდომები,“ - აცხადებს ჰანა ჰოპკო.