საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს პარლამენტში, პრეზიდენტის სათათბირო ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
აბაშიშვილის თქმით, ეს ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტის აპარატიდან აცნობეს.
„დღეს, ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც და არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, საკუთარი მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობა ხვალისთვის აღმოიფხვრება და ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტის ოთახში შევლენ.
პარლამენტმა დღეიდან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობა დაიწყო. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ხვალ გადის.
წინასწარ ცნობილია, რომ უმრავლესობაში გიორგი მარგველაშვილის პოზიციას არ იზიარებენ და შენიშვნებსაც კენჭისყრაზე სავარაუდოდ ჩააგდებენ.
მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.