20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ქვეყნის მართვაში ხართ უნიათოები"- დებატები და კამათი პარლამენტში ვეტოს დაძლევამდე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატები გაიმართა. ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ურთიერთბრალდებები „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდანაც ისმოდა.

„გავიგონე, რომ აი უნიათო „ქართული ოცნება“, უნიათო პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩევნებს რომ მოგიგებს, უნიათო სხვა პოლიტიკური ძალა გამოდის,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა.

„ევროპულ საქართველოში“ კი მმართველ გუნდს მიმართეს და დააკონკრეტეს, რომ ისინი ქვეყნის მართვაში არიან უნიათოები.

„ამომრჩევლების მოტყუებაში ხართ უნიათოები ჯერჯერობით თქო, ეგ არასდროს მითქვამს. პირიქით, ამაში ივანიშვილის ტალანტი უნდა ვაღიარო. ქვეყნის მართვაში ხართ უნიათოები და მავნებლები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ უმჯობესია კონსტიტუცია მხოლოდ მმართველ გუნდს არ ეკუთვნოდეს. მან „ქართულ ოცნებას“ ისიც შეახსენა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე დაწინაურდა.

„მე აქ ვდგავარ არა იმისთვის, რომ შეგახსენოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები უდნა წავიკითხოთ, მთლიანად, მიგითითოთ, რომ ქართველ ხალხს მოსწყინდა მითითება სისხლიან ცხრა წელზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების დროს აღზევდა, დაწინაურდა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული საქმის, გირგვლიანის საქმის ავტორი მოსამართლე. ჯობია, რომ ეს კონსტიტუცია მხოლოდ „ქართული ოცნების“ არ იყოს,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით კი, საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ყველაა არის ერთ მხარეს და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის მეორე მხარეს, არასწორია.

„ქართული ოცნება“ ამ კონსტიტუციასთან ერთად მარტო არ არის, მარტო არის მხლოდ მეორე მხარე. ეს რომ იყოს ხუშტურები, ჩვენ გადავიდოდით არაპირდაპირ არჩევნებზე 2018 წელს, თუ ვინმეს საპრეზიდენტო არჩევნების ეშინია, უნდა შეგვშინებოდა სწორედ 2018 წელს, 2024 წელს, ანუ 7 წლისთავზე ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების ვერ შეგვეშინდება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები