20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
რუსული ბიზნეს კავშირები - ირაკლი სესიაშვილის მეუღლე რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კომპანია „ტერმინალ ლა ბერსას“ მეწილეა

უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ოჯახის რუსული ბიზნეს კავშირები - „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მეუღლე, თინათინ კიკილაშვილი რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კომპანია „ტერმინალ ლა ბერსას“ მეწილეა.

სესიაშვილის ოჯახი საბაჟო მომსახურების კომპანიაში 10 პროცენტიან წილს ფლობს. სესიაშვილის მეუღლეს საბაჟო მომსახურების კომპანიაში აღნიშნული წილი 10 ლარად გადაუფორმეს. თავად ირაკლი სესიაშვილი მედიასთან კომენტარს თავს არიდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს.

ინტერნეტ გამოცემა „რეგინფოს“ მონაცემებით, ეს კომპანია ექსპორტ-იმპორტით, გადაზიდვებით, საბაჟოზე ლაბორატორიული მომსახურებით არის დაკავებული.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რუსული დაზვერვის გააქტიურების ფონზე ასეთი კავშირები კითხვებს ბადებს და მას სათანადო პასუხები უნდა გაეცეს.

კომპანიის „ლა ბერსას“ მეწილეები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში დაფუძნებულ სხვა კომპანიებშიც ფიგურირებენ. 

დღის ამბები