20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
კონგოში დატყვევებული მფრინავის, იოსებ ოსორაულის, ძმა პროტესტის ნიშნად შეიარაღებულ ძალებს ტოვებს

სამხედრო ოფიცერი პროტესტის ნიშნად შეიარაღებულ ძალებს ტოვებს. კონგოში დატყვევებული მფრინავის, იოსებ ოსორაულის, ძმა, გიორგი ოსორაული, საქართველოს მთავრობას ტყუილში ადანაშაულებს.

ოსორაულის თქმით, მაღალი თანამდებობის პირები მას დაჰპირდნენ, რომ მის ძმას გამოიხსნიდნენ, თუმცა მოგვიანებით უთხრეს, რომ იოსებ ოსორაული გარდაცვლილია. 

გიორგი ოსორაულმა შეიარაღებული ძალების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, მისი თქმით, მთავრობამ კონგოში დატყვევებული იოსებ ოსორაულის გამოსახსნელად არაფერი გააკეთა.

კურიერისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ოსორაული დეტალურად ყვება, ვინ ატყუებდა მას მთავრობიდან.

„კაცს ეძებენ, როგორც დაღუპულს და კონგოში მყოფი გენერლები, ვინც იქ მყოფ ქართველებს ეუბნებიან, რომ ეს კაცი არის ცოცხალი და ვმუშაობთ ამ საკითხზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს. ჩასვლაა იქ საჭირო მეთქი," - ამბობს ის. 

ოსორაული აცხადებს,  რომ ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ მოქმედ სამხედრო პირს საპროტესტო აქცია გაემართა და მის ჩაშლას სთხოვდნენ.

„დრო მოიგეს ამით. უბრალოდ, არ სჭირდებოდათ, რომ მოქმედი სამხედროს მიერ ყოფილიყო ორგანიზებული ეს აქცია,“ - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში არავინ არის ისეთი, ვისაც მისი ძმის საკითხთან დაკავშირებით ენდობა. 

დღის ამბები