20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საკრებულოს და მერიას შეეძლო, არ მიეცა ეს ქონება საკუთრებაში - სალაძე ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის საკითხზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი თბილისის საკრებულოს ივანიშვილისთვის თბილისის ცენტში მიწების გადაცემის გამო აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკრებულოს სხდომის დახურვით თვითმმართველობის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი დაირღვა.

თბილისის საკრებულომ 1900 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას 1 ლარად გადასცა, რომელშიც ასევე, გუდიაშვილის ქუჩის  ნაწილიც შედის.

მწვავე პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ თაბორის მთაზე 4700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ თაბორის მთაზე დაგეგმილი პროექტი სწორედ ასეთ ზონას მოიცავს, რაც, მისი თქმით, დარღვევაა.

„ეს ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, პირდაპირ კრძალავს ისეთი ტიპის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მყარად უკავშირდება მიწის ზედაპირს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძის თქმით, საკრებულოს არა აქვს აღნიშნული ზონის სტატუსის ცვლილების უფლება. ასევე, მან საკრებულო სხდომის სწრაფად ჩატარების გამო გააკრიტიკა.

„ამ ზონის ცვლილების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას, კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად. უბრალოდ, ისინი ამ ზონის არსებობას არ აღიარებენ,“ - განაცხადა სულხან სალაძე.

სულხან სალაძემ პუშკინის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ საპარკინგედ გამოყოფილი 30 ადგილი ქალაქში არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„საკრებულოს და მერიას შეეძლო, არ მიეცა ეს ქონება საკუთრებაში. შეეძლო მიეცათ მრავალწლიანი იჯარით,“ - განაცხადა სულხან სალაძემ. 

დღის ამბები