20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
გაზრდილი პენსია, სოციალური დახმარება, სამუშაო ადგილები... - „ევროპულმა საქართველომ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

თბილისის ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა „ევროპულმა საქართველომ.“ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის მთავარ პრიორიტეტებზე თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და პარტიის ლიდერები კიდევ ერთხელ ესაუბრნენ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ პარტიას აქვს დასაბუთებული ხედვები და ამოცანები, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფ განვითარებას.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა ამ ხელისუფლების და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 5 თვეა ეს პარტია არსებობს, ჩვენ ვართ ალტერნატივა, რომელიც "ქართულ ოცნებას," მტაცებელ მთავრობას 21 ოქტომბრიდან დაწყებული და მომდევნო პერიოდში ეტყვის არას და მშვიდობიანი არჩევნების გზით შეძლებს მისი ოპოზიციაში გასტუმრებას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, არჩევნების გზით, ქვეყანაში არსებული უსამართლობა უნდა დასრულდეს. მისი თქმით, საქართველოში ცვლილებები მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველო არ არის ერთი კაცის პარტია, ევროპული საქართველო არ იმართება ერთი კაცის ხუშტურებით. ეს არის ღია პარტია, ეს არის ყველა ადამიანის შესაძლებლობების პარტია,“ - აცხადებს უგულავა.

შეკრებილ საზოგადოებას მიმართა თბილისის მერობის კანდიდატმა ელენ ხოშტარიამ. ხოშტარიამ ყველას განვლილ პერიოდში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნების დღეს ქართველი მოსახლეობა გადაწყვეტილებას იღებს.

„ჩვენი შემართებით, მშვიდობიანი, პრინციპული შემართებით და სწორედ არჩევნების გზით, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, შევცვლით თბილისში, ადგილობრივ თვითმმართველობაში და მერე შევცვლით მთელ ქვეყანაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია პენსიონერებს კიდევ ერთხელ დაჰპირდა პენსიის მომატებას და ის 50 ლარით გაიზრდება. 70 ლარით გაეზრდებათ სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველებსაც. მერობის კანდიდატმა აქვე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეც ისაუბრა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 4 წელიწადში თბილისში შეიქმნება 35 ათასი სამუშაო ადგილი. შემაჯამებელ შეხვედრაზე ხოშტარიამ საკუთარ გეგმებზე ვრცლად ისაუბრა, რომელსაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. მათ შორის შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.

შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს პერიოდში. 

„ჩვენი ამოცანა დღეს არის არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, არამედ ადამიანებში იმედის და რწმენის დაბრუნება, იმიტომ რომ ამით უნდა გადავარჩინოთ საქართველო,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები