სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები“ ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშოების მიწოდების გაკონტროლებაზე მსჯელობენ. შეხვედრაზე საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ნანუაშვილის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც სათამაშოების შემოტანას ეხება. თუმცა, ევროკავშირის მოთხოვნით, სახელმწიფოს 2019 წლამდე აქვს ვადა, რომ სათანადო კანონმდებლობა აამოქმედოს.
სახალხო დამცველმა მთავრობას რეკომენდაციებითაც მიმართა.
„სამწუხაროდ, არანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.