20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჟურნალისტს წყაროს გამხელას აიძულებს - ახალ კამპანია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ 

"ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. ამჯერად მმართველი პარტიის მიზანი ის საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებიც ჟურნალისტს ინფორმაციის წყაროს გამხელას დაავალდებულებს. "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას საპროკურორო საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ მიმართა. მას ეთანხმება და კანონდარღვევაზე საუბრობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა დღეს ეკა ბესელიას შეახსენა, რომ მედიის წარმომადგენელს წყაროს გათქმის ვალდებულება არ აქვს და მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, გამოხატვის თავისუფლებას სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი პატიმართა შეწყალების საქმეებში ილია მეორის მდივან-რეფერენტის გავლენაზე საუბრობს. სასამართლო ჩვენების ოქმში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა სოსო ოხანაშვილი ყვება, რომ არსებობდა სქემა, რომელის მიხედვითაც შესაწყალებელ პატიმართა სიაში მოხვედრა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა. ოხანაშვილის განცხადებით, პროცესს შორენა თეთრუაშვილი ხელმძღვანელობდა, დაცვის ყოფილი უფროსი ამავე ჩვენებაში ეკა ბესელიას, ირმა ჭკადუას და ნანა კაკაბაძის გვარებსაც ახსენებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ეკა ბესელია კანონის არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ჟურნალისტს მოსამართლის წინაშე ინფორმაციის არ გაცემაზე პირობა დადებული არ ჰქონდა, შესაბამისად კანონიც არ დარღვეულა.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ჩვენების კიდევ ერთმა ფიგურანტმა ნანა კაკაბაძემ კი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა.

დღის ამბები