ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას, მეუღლესა და პარტიის აქტივისტს სოფელ ერგეტაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქებურიას მეუღლეს ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის მამა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
დავით კოდუა, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ მისი მამა ევროპული საქართველოს წევრებმა თავად გააღიზიანეს.
ლელა ქებურიას მეუღლე და პარტიის აქტივისტი სოფელ ერგეტაში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც გაირკვა, რომ ქართული ოცნების ერგეტის შტაბის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საშუალება არ მისცეს, რომ ევროპული საქართველოს აქციაზე წასულიყვნენ.
ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროვოკაცია თავად მოაწყვეს.
ევროპული საქართველოს ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქციაზე ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.
სოფელ ერგეტაში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მოკვლევა ძალადობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია