„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია შემოსავლებისა და ხარჯების დამალვაში დაადანაშაულა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა ხელისუფლების ზეწოლასა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიისთვის მობილიზებულ თანხებზე ამახვილებს ყურადღებას.
ბოკუჩავა ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ამ განცხადების გაკეთებისას იტყუება.
„ერთი არის „ქართული ოცნება,“ სადაც მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით, უკანონო შემოწირულობებით, ტენდერებში მოგებული კომპანიებისგან ხდება მილიონობით ლარის მობილიზება, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, სადაც რა თქმა უნდა მთავარი ზეწოლის ქვეშ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც იჩაგრება, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ მიიღოს შემოწირულობები, რომელზეც მუდმივად ხორციელდება სუსი-სგან ზეწოლა. ასე რომ „ქართლი ოცნება“ ამ შემთხვევაშიც უბრალოდ იტყუება, როდესაც საუბრობენ არადეკლარირებულ ხარჯებზე, სწორედ მათ აქვთ ასეთი დამატებით მილიონობით ლარი თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილისგან,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.