„დასაფასებელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის შემთხვევები არ ყოფილა და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო დღეებში სიმშვიდე შენარჩუნდება და არჩევნების დღეს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თავისუფლად გააკეთოს თავისი არჩევანი ყოველგვარი ძალადობის და დაშინების გარეშე,“- ეს განცხადება აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა გააკეთა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არჩევნებამდე მეტი კონკურენცია და დებატები იმართებოდეს.
„სასურველია, რომ ვნახოთ მეტი კონკურენცია, დებატები, მსჯელობა და იდეების განხილვა, რომ მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, თუ რას სთავაზობენ მათ კანდიდატები და სტიმული მისცენ, ხმის მისაცემად,“- განაცხადა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.
ოპოზიციის წევრები NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან. „აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესაუბრნენ.
„ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალადობას, სუს-ს, პოლიციას იმისთვის, რომ არათანაბარი პირობები შექმნას. მაშინ, როდესაც ჩვენი კანდიდატები გისოსებს მიღმაც კი აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ თავიანთ პროტესტს გამოთქვამდნენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თბილისში მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით, შეუძლებელია ისაუბრო თანაბარ გარემოსთან დაკავშირებით,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს ამ წუთებში „ევროპული საქართველოს“ წევრები ხვდებიან.
„პირველ რიგში, არის რესურსების დიდი დისბალანსი შემოწირულობების 90%-ზე მეტი „ქართულ ოცნებასთან“ მიდის, რაც არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ასევე სერიოზული პრობლემაა ძალადობის შემთხვევებზე არრეაგირება და არგამოძიება. ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.