უკრაინის რადას შენობასთან სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. დაკავებულია 17 აქტივისტი.
ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც უკვე მეორე დღეა რადას შენობასთან იმყოფებიან, სამართალდამცველებს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. არეულობის დროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რადას დეპუტატიც.
„17 კაცი წაიყვანეს პოლიციაში. არგუმენტი იყო ის, რომ გუშინ მომიტინგეებმა აიღეს სპეცდანიშნულების რაზმისთვის განკუთვნილი დამცავი ფარები და ვითომ მიზეზი იყო, რომ დაგვიბრუნეთ ფარები და ადამიანებს დაგიბრუნებთ, მაგრამ მოთხოვნა სხვა არის. მოთხოვნა არის, რომ პოლიციის კორდონი და დაძაბულობა მოიხსნას და ხალხი თავისუფლად შემოუშვან, რომელთაც არ უშვებენ,“ - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა დავით საყვარელიძემ.
რამდენიმე დეპუტატი პრეზიდენტ პოროშენკოსთან შესახვედრად წავიდა, თუმცა უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა.