სუს-ის თანამშრომლების ზეწოლა ოპოზიციის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე - ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციამ გამოკვეთა. კამპანიის "ვერ გააყალბებ" ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა კანდიდატებზე სპეცსამსახურების ზეწოლის ფაქტები შეისწავლეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კვლევის პერიოდში სუს-ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა გამოიკვეთა.
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო გარემოს კვლევაში ოპოზიციონერ კანდიდატებზე ზეწოლისა და მუქარის 23 ფაქტი მოხვდა.
ზეწოლასთან დაკავშირებით არასამთავრობოების კვლევაში მოყვანილი ფაქტები მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანიას ცალკე თავი ეთმობა. არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში დეზინფორმაცია ძირითადად, დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიმართ ვრცელდებოდა.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში მოხვდა ე.წ. ბაღების დირექტორების სკანდალი და დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტები. არასამთავრობო ორგანიზაცია ბაღებში მიმდინარე პროცესების გამო, პროკურატურისგან საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.