ლიდერთა საბჭო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს დღეს მიაწვდის. ლიდერთა საბჭოს წევრების თქმით, აქცენტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, არათანაბარ დაფინასებასა და ზეწოლის ფაქტებზე გაკეთდება.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა ჩართულობაზეც ისაუბრა.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანი იყო და ასევე, განაცხადა, რომ ზეწოლის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინასწარი შეფასებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ნინო ბურჯანაძე აშშ-ის ელჩს, იან კელის წინასაარჩევნო გარემოს დადებითად შეფასების გამო აკრიტიკებს. იან კელის თქმით, ამ ეტაპზე, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეჭვქვეშ დააყენებდა.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ სწორედ ოპოზიციის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ვითარება არ არის დაძაბული.
პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გაყალბებას შეეცდება, ამას საზოგადოება არ დაუშვებს.