„ეგზიტპოლების და რაღაც ანეკდოტების, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა,“ - ასე აფასებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ეგზიტპოლების შესახებ.
ეგზიტპოლების მიხედვით, ალეკო ელისაშვილს თბილისის ამომრჩეველთა 14-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
„ეგზიტპოლები არის ეგზიტპოლები. ეგზიტპოლები ტრადიციულად, ჩვენთან ძალიან აცდენილია ხოლმე რეალობას. არჩევნები იმისთვის ტარდება, ბიულეტენები იმისთვის იყრება, ურნა იმისთვის არსებობს, დამკვირვებლები და ხმის დამთვლებები იმიტომ არიან, რომ საბოლოო შედეგები მათგან გავიგოთ. მე პასუხისმგებლობით და სერიოზულად ვუყურებ ამ პროცესს და პრემიერმინისტრისა და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ოფიციალურ შედეგებს ველოდები,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცესკო-ს შედეგების გამოქვეყნებას ელოდება. ალეკო ელისაშვილის თქმით, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი „ამაზრზენად“ მიმდინარეობდა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, სავარაუდოდ, 10 პროცენტიანი გაყალბება მოხდა დღეს. ელისაშვილის თქმით, მეორე ტურის ალბათობა საკმაოდ დიდია.