გურიაში არჩევნების განმავლობაში არა ერთი დარღვევა დაფიქსირდა. ვიდეო მასალაში, რომელსაც „გურია ნიუსი“ ავრცელებს ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ამომრჩეველთა სიით ხელში იმყოფება.
სოფელ ძიმითში შემაჯამებელი ოქმის ბეჭედი დაიკარგა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ბეჭედი უბნის თავმჯდომარეს საპირფარეშოში ჩაუვარდა. რის გამოც, ამ უბნის შედეგების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა.
სოფელ სამებაში გადაღებულ კადრებში დაფიქსირებულია, რომ 31 კაციან სიაში სახელებისა და გვარების გასწვრივ ის თანხა წერია, რაც სავარაუდოდ, ამომრჩევლებს გადაუხადეს.
საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა დეპუტატმა „კურიერთან“ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი კატეგორიულად უარყო. საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
სოფელ სამებაში იმავე უბანთან, სადაც საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვითარებას აკვირდებოდა, მთელი დღის განმავლობაში შსს-ს კუთვნილი ავტომანქანა იმყოფებოდა. თავად კომისიის თავმჯომარე აცხადებს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მას არ გამოუძახებია.
ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა ოზურგეთის მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიასთანაც.
უბნები გურიის სამ საარჩევნო ოლქში საღამოს 20:00 საათზე დაიხურა. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 10-მდე საჩივარი შევიდა.