სამცხე-ჯავახეთში ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ცესკო-ს ინფორმაციით, დახურვის დროს ინცინდენტი არ მომხდარა. დღის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო ასპინძაში. ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე და მმართველი გუნდის წარმომადგენელი უპირისპირდებოდნენ.
დღის მეორე ნახევარში ასპინძის მუნიციპალიტეტში „ქართული მარშის“ წარმომადგნელები გამოჩნდნენ, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ ისინი ლევან ცაბაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა სოფელ დამალაში „ქართული ოცნების“ წევრებს სიები წაართვეს და აღნიშნეს, რომ ეს სიები მაჩვენებელია იმისა, რომ მმართველი ძალა არჩევნების გაყალბებას ცდილობს.
სოფელში სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებული. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ისინი საარჩევნო უბნებზე ე.წ. პატრულირებას გააგრძელებენ.
"ეს არასწორი საქციელია, არასწორი მიდგომაა ეს. ეს არ არის სწორი მიდგომა, რომ ლევან ცაბაძეს წააგებინონ არჩევნები, რომ გაუყალბონ," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული მისიის” თავმჯდომარემ, გია კორკოტაშვილმა.
ამომრჩევლის აქტივობამ სამცხე-ჯავახეთში 50 პროცენტს გადააჭარბა.