ქალაქ რუსთავში არის დაძაბული ვითარება, რამდენიმე უბანში რუსთავში გამორთეს შუქი და ბიულეტინების დათვლა მიმდინარეობს სანთლის შუქზე - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
რუსთავში არსებულ ვითარებაზე ნადირაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებული ზეწოლა მიმდინარეობს იმ უბნებზე, სადაც ლიდერობენ „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები.
„მეათე სკოლაში 35-ე უბანი, სადაც ლიდერობს "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიორგი კიკოლაშვილი და ამ უბანზე გამორთულია შუქი, გარეთ არის მობილიზება სპორტსმენების, სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც დღის განმავლობაში ცდილობდნენ პროცესების ქუჩებიდან გაკონტროლებას. ხელისუფლება ცდილობს ჩვენს კანდიდატს წაართვას გამარჯვება სწორედ ამ უბანზე," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს გაყალბების მცდელობა და ზეწოლა. ირმა ნადირაშვილმა დამკვირვებლებს და მედიასაშუალებებსაც მიმართა, რათა მოხდეს მიმდინარე პროცესების გაშუქება.