თბილისში, სულ 737 უბნიდან, მხოლოდ 3 უბანი დარჩა დასათვლელი. წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს, 51,13 % აქვს. 17.49 % აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 16.53 % მიიღო.
ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარია - თითქმის 7.12%; პატრიოტთა ალიანსი, ირმა ინაშვილი - 3.2%-მდე; გიორგი ვაშაძე - 1.95%, კახა კუკავა - 1.26%; გიორგი გუგავა - 0,96 %.
თბილისში პროპორციულ არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 53% „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მეორე ადგილს იკავებს ნაციონალური მოძრაობა 17 %-ით
ევროპული საქართველო - 9%; პატრიოტთა ალიანსი - 5%; ლეიბორისტული პარტია - თითქმის 4%; გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო - 3.35 %; დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო - 3.14%.
ხმების დათვლის პირველადი შედეგები ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა.
თამარ ჟვანიას შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ყველას მიეცა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა.
საოლქო კომისიებში ამ დროისთვის 309 საჩივარი შევიდა, რომლის განხილვაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოხდება.
წინასწარი შედეგების მიხედვით, კი ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უკვე დაანონსა.
„საარჩევნო ოლქები გახლავთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, სავარაუდო მეორე ტურებისთვის #29 ყაზბეგი, #35 ხაშური, #36 ბორჯომი, #60 ოზურგეთი, #59 ქუთაისი და ასევე #65 მარტვილი. როდესაც გვექნება საბოლოო შემაჯამებელი შედეგები, ჩვენ შეგვეძლება, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღის. ეს ვადა შეიძლება იყოს უკიდურესი რაც გაწერილია ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში 15 ნოემბერი, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ უკიდურესი ვადა იყოს გამოყენებული,“ - აცხადებს თამარ ჟვანია.