ბათუმის მერი, წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძე ხდება - ქართული ოცნების კანდიდატმა ამომრჩევლის 55.67% მიიღო.
შედეგები თავად მერობის კანდიდატმა შეაფასა.
“ეს მონაცემი იყო მოსალოდნელი და ვფიქრობ, რომ ეს იყო ის, რასაც ველოდით. არის მრავალი პუნქტი, რომელსაც ერთდროულად ვაპირებთ, სხვადასხვა მიმართულებით დავძრათ ქალაქში. მათ შორის არსებული თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო დავხვეწოთ, მოქალაქეების ხმა, რაც შეიძლება, ხმამაღლა იყოს გაგონილი მერიაში. გამოვაცხადებთ შემდეგ წელს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შესყიდვას, მანამდე კი იქნება ძალიან გამკაცრებული ქალაქმშენებლობის რეგულაციები,“ - განაცხადა კომახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი აცხადებენ, რომ აჭარაში არჩევნები სუს-მა ჩაატარა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
“აჭარაში არჩევნები ჩაატარა სუს-მა და ნაცვლად დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისა, რომელსაც გვპირდებოდა ქართულმა ოცნება, ჩვენ მივიღეთ გაყალბებული არჩევნები. ბრძოლა სამართლებრივი გზით გრძელდება,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის ბათუმის მერობის კანდიდატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა, მათმა პარტიამ დასაწყისისთვის კარგი შედეგი აჩვენა.
“წინასაარჩევნო პერიოდი ისევე, როგორც არჩევნების დღე, იყო, რა თქმა უნდა, სავსე დარღვევებით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი ვერ არის ისეთი ჯანსაღი, როგორიც უნდა იყოს,“ - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს მოპოვებული ბათუმის საკრებულოშიც. სავარაუდოდ, ბათუმის საკრებულოში ქართულ ოცნებას 19 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა ეყოლება. 4 დეპუტატი ეყოლება - ნაციონალური მოძრაობას და თითო-თითო წევრი პარტია ევროპულ საქართველოს და პატრიოტთა ალიანსს.
რაც შეხება დარღვევებს, დაწერილია 14 საჩივარი.