„გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, ცილისწამება, თუნდაც დამკვირვებლებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ცესკომ განაცხადა, რომ დარღვევა არ არსებობს,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
სახელისუფლებო კანდიდატის თქმით, ის მზად არის პოლიტიკურ ოპონენტებთან სათანამშრომლოდ.
„სულ ვამბობდი, რომ როდესაც მერი გავხდები, მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა ადამიანთან, ვისაც ექნება კონკრეტული ხედვა ქალაქთან დაკავშირებით. მე ვიქნები ღია და გამჭვირვალე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, სამოქმედო პროგრამებიდან გამომდინარე, თუ რომელ ოპონენტთან შეიძლება თანამშრომლობა, მან აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატები ძირითადად მასზე და არა სამომავალო გეგმებზე საუბრობდნენ, თუმცა დაამატა, რომ, მაგალითად, გიორგი ვაშაძე საარჩევნო პროგრამასა და ხედვებზე ლაპარაკობდა.
„მთელი დებატების დროზე ოპონენტების დიდი ნაწილი ჩემზე საუბრობდა, ისინი არ საუბრობდნენ სამომავლო გეგმებზე,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.