ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ლიდერთა საბჭოს წევრი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ "არჩევნები დაიწერა და არა ჩატარდა".
მისივე თქმით, "როგორც ჩანს, არავის არ აინტერესებს არჩევნები და ეს ნათელი გახდა მაშინ, როდესაც ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა".
ლიდერთა საბჭოს წევრის თქმით ეს ასე არ ყოფილა, რადგან მმართველი გუნდის რესურსი 200-ჯერ აღემატებოდა მისი ბლოკის შესაძლებლობებს.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მმართველი გუნდი პირდაპირ აკონტროლებდა, ვინ მიდიოდა და ვის აძლევდა ხმას.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არის უბნები, სადაც მის ბლოკს ერთი ხმაც კი არა აქვს აღებული და ეს შეუძლებელია. ამავე უბნებზე კი, ბურჯანაძის თქმით, მმართველ პარტიას ხმათა 100%, 98% აქვს აღებული.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა, მეორე ადგილზე გაეყვანა ბოკერიას პარტია და ეს დადასტურდა საჩხერის შედეგებით, სადაც ყველა უბანზე მეორე ადგილს იკავებს სწორედ „ევროპული საქართველო“.
ლიდერთა საბჭო სრულ უნდობლობას უცხადებს არჩევნებს და ითხოვს, რომ ის არალეგიტიმურად იქნას ცნობილი.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ლიდერთა საბჭო აგროვებს დოკუმენტაციას და ამ დარღვევებს პარტიების ლიდერები აუცილებად გაასაჩივრებენ. ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ საჩივრით სტრასბურგსაც მიმართოს.