ხმები დათვლილია, თუმცა 21 ოქტომბრის კენჭისყრის საბოლოო შედეგები ცნობილი საჩივრების განხილვის შემდეგ გახდება. 86 საოლქო კომისიაში დღეიდან პროცესს აქტიურად შეუდგებიან.
ცესკოში განმარტავენ, რომ საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა, თუმცა არის სავარაუდო პროცედურული დარღვევების შემთხვევებიც.
საჩივრების განხილვის პროცესი იწყება დღეს ოზურგეთშიც, სადაც შედეგების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელიან და მეორე ტურისთვის ემზადებიან. ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს, ამომრჩეველთა 43%-მა დაუჭირა მხარი, დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს კი - 42%-მა.
ქუთაისში, სადაც წინასწარი მონაცემებით პროპორციულ კენჭისყრაში ბარიერი “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” გადალახეს, საჩივრების განხილვას დაიწყებენ. არსებული მონაცემებით, 10 მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ქუთაისის 59- ე საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარი მონაცემები შეაჯამეს.
კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაშვილის თქმით, ქუთაისში 124 უბნის ხმები უკვე დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ლიდერობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48.67 %-ით. მეორე ადგილს “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იკავებს 27.04 %-ით.
10 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. ბარიერი გადალახა “ქართულმა ოცნებამ” 49.15 %-ით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 24.36 %-ით და “ევროპულმა საქართველომ” 11.93 %-ით.
ოსეფაშვილის განცხადებით, ქუთაისში მერობის კანდიდატის არჩევისთვის დიდი ალბათობით მეორე ტური ჩატარდება.
6 საჩივარია განსახილველი ფოთში. საარჩევნო ადმინისრტაციის განმარტებით, უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭისყრამ ფოთში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.