ადვოკატის ცემაში ბრალდებულ პოლიციელის, ლაშა კვირკვაიას სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. დღეს სასამართლომ, სავარაუდოდ, საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოიტანოს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილ უფროსს, ლაშა კვირკვაიას ბრალად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობა ედება.
თუმცა, ლაშა კვირკვაია პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას გენერალური პროკურორი სდევნის. ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
„პროკურატურას უადვილებს ის, რომ მეორე მხარეს დგას ლაშა კვირკვაია, რომლის მიმართაც ირაკლი შოთაძეს ნამდვილად აქვს პირადი ინტერესი. პირადი ინტერესი აქვს იმიტომ, რომ მე დავაკავე მისი მეგობრები, რომლებმაც ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს,“ - განაცხადა ლაშა კვირკვაიამ.
მისი ადვოკატი, ზურაბ ბელთაძე აცხადებს, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია, მათ შორის, ბრალდების მხარე ვერ პასუხობს, რატომ დაიმალა კომისიური ექსპერტიზის დასკვნა.
პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე კი გამამტყუნებელ განაჩენს ელის და აღნიშნავს, რომ ამ განაჩენის გამოსატანად საქმეში დამაჯერებელი მტკიცებულებები დევს.
„დამაჯერებელი მტკიცებულება არის დაზარალებულის ჩვენება, ასევე არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ასევე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები,“ - განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესს დაზარალებული ადვოკატი, გიორგი მდინარაძე ესწრება, რომელიც ლაშა კვირკვაიას ცემაში ადანაშაულებს და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
ლაშა კვირკვაიას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ედავება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კი, კვირკვაიას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.