20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები მავნებლობა გავაკეთებინოთ "ქართულ ოცნებას" - საკრებულოს ოპოზიციური პარტიების მომავალი წევრები

თბილისის საკრებულოში ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, 4 პოლიტიკური პარტია მოხვდება. მათ შორის, „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა მაჟორიტარული ოლქი პირველივე ტურში მოიგეს. მათ ასევე, დამატებით სადეპუტატო მანდატები პროპორციული სისტემითაც ეკუთვნით.

ოპოზიციური პარტიებიდან კი, თბილისის საკრებულოში პროპორციულ მანდატებს მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ოპოზიციური პარტიის წევრები იმ გეგმებზე საუბრობენ, რომლის განხორციელებასაც საკრებულოში გეგმავენ. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კოორდინირებულ მუშაობას შეეცდებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი გეგმავს, რომ საკრებულოში სსიპ-ების და აიპ-ების გაუქმების საკითხი დააყენოს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის სწორი ხარჯვა მოხდეს.

„სოციალურად დაუცველების ნაცვლად, თანხებს რომ აძლევდნენ გამგეობების თანამშრომლების ნათესავებს, კომისიის წევრებს, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს, ამ მიმართულებით იქნება სერიოზული სამუშაო,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი გაბაშვილი ადასტურებს, რომ საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილება. 

„არცერთი მავნებლობა არ გავაკეთებინოთ „ქართულ ოცნებას“ ისე, რომ ამის შესახებ ხალხმა არ გაიგოს. შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები მავნებლობა გავაკეთებინოთ და ასე ვთქვათ, შევუტიოთ იმ სწორი იდეების განსახორციელებლად, რომელიც სჭირდება თბილისს,“ - აცხადებს გიორგი გაბაშვილი. 

დღის ამბები