20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
თიანეთის მე-20 უბანზე მომხდარი ინცინდენტი - "საია" პროკურატურას დაინტერესებისკენ მოუწოდებს

„მივმართავთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტებით,“ - ეს განცხადება „საიას“ თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. თიანეთის მე-20 უბანზე მომხდარ ინციდენტს ანა ნაცვლიშვილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი საარჩევნო კანონმდებლობის და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა, ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ასევე, აუცილებელია გაირკვეს, ვისი მითითებით გააკეთა პოლიციამ საარჩევნო უბანთან კორდონი.

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.

თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დაითვალეს. თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისთვის ხმების დაკლებაც ქუცნაშვილის ინტერესში შედიოდა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაკავშირებულია ძალიან მჭიდროდ ზაქარია ქუცნაშვილთან. პირდაპირ, ასე ვთქვათ, მისი სატელიტია,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ამ წუთებში მცხეთის სასამართლოში თიანეთის მე-20 უბანზე მომხდარ ინცინდენტზე და ხმების გადათვლის საკითხზე სხდომა იწყება.

დღის ამბები