„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია, რატომ არ მონაწილეობს პარტია არჩევნების მეორე ტურში.
მისი განცხადებით, მეორე ტურის შემთხვევაში, ყველა ევროპული ორიენტაციის ოპოზიციური ძალა მხარს დაუჭერდა, მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს.
გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს.
„უმძიმესი საარჩევნო კამპანია იყო, უმძიმესი დარღვევებით, მაგრამ გამოსავალი რა არის. თბილისში თუ ყველანი ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა მეორე ტური და მხარი დაგვეჭირა ერთიანი კანდიდატისთვის, გინდ ზალიკო უდუმაშვილისთვის, გინდ ალეკო ელისაშვილისთვის, გინდ ელენე ხოშტარიასთვის, პროდასავლურ ოპოზიციას ვგულისხმობ, ქუთაისი რა განსხვავებულია?
"მეორე ტური სამართლებრივად "ნაციონალური მოძრაობის" გადასწყვეტია, ვერავინ ჩაერევა ამაში, მაგრამ მეორე ტურები მარტო მათ არ მოუპოვებიათ. მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა. ამიტომ, სრული პოლიტიკური უფლება გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ, როგორც სერიოზული შეცდომა და ირიბად ხელშეწყობა ივანიშვილის გუნდისთვის, რომ დაინერგოს უიმედობა არჩევნების მიმართ,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.