მცხეთის სასამართლო თიანეთის მე-20 უბანთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს სამი საათია, განიხილავს. მესამე სექტორი უბნის შედეგების მთლიანად გაუქმებას ითხოვს.
პარტია თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, ბრძოლის გაგრძელებისთვის მზად არის. მის თქმით, კომისიის მიერ დადგენილი 16-ე და მე-17 განკარგულებები უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, მე-20 უბნის გადათვლა, სპეციალურად გამოტანილი საკითხი იყო.
„თუ ხელახლა ჩატარების მიზეზი უნდა გახდეს ის, რომ ჩემი კონკურენტი შევიდა იმ ოლქში, იმ უბანზე, რომელიც მე მოვიგე და უნდა გამიუქმონ. შევიდა ის იმის გულისთვის და თუ მოახდინა ზეგავლენა, მოახდინა თავის სასარგებლოდ და ასე, მეც შემიძლია, შევიდე და მერე დავაწერინო საჩივარი, ერთ არასამთავრობოს ყოველთვის იპოვი,“ - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, მერი კაპანაძე, აღნიშნავს, რომ სასამართლომ განკარგულებების ბათილობა განიხილა, რაზეც მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე მხრიდან მტკიცებულებები იყო წარდგენილი. მერი კაპანაძე არჩევნების ხელახლა ჩატარების მომხრეა.
თამაზ მეჭიაურის ადვოკატი, მინდია შეთეკაური, არჩევნების ხელახლა ჩატარებას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება შეეცდება საბოლოო შედეგების შეცვლას.
სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბერს გამოცხადდება. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თიანეთის მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი, აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პარალელურად, კიდევ ერთი სარჩელია შესული. თამაზ მეჭიაური და საია თიანეთის მე-20 უბნის მოგვიანებით დათვლილი ბიულეტინების შედეგების გაუქმებას ითხოვს.