მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გაბათილდა და თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ მომხდარი დემოკრატიის ზეიმია. ნარჩემაშვილი მოუწოდებს მხარეებს მიიღონ გადაწყვეტილება ფაქტად და პატივის სცენ მას.
„ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის ზეიმი, შეიძლება ასე შევაფასოთ, როდესაც არსებობს იმის საშუალება, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ჰქონდეს ამის გაპროტესტების საშუალება, როდესაც სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას როგორც ფაქტს. მოვუწოდებ მხარეებსაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება და პრეტენზიის შემთხვევაში იმოქმედონ სამართლებრივი მეთოდებით. თუ რაიმე პრეტენზიები არსებობს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი იყო განხილვის საგანი, იგივე სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუ ამ პრეტენზიას, რომელიმე მხარე გამოთქვამს,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მედიისგან შეიტყო მმართველი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ.
„მე ახლა გავიგე ეს ინფორმაცია თქვენგან. თუ სასამართლოში უკვე დასრულდა პროცესი და გადაწყვეტილება არის მიღებული, სასამართლო იმისთვის არის ქვეყანაში, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები,“-აცხადებს ლევან კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გააბათილა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.