20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"თქვენ მოიპარეთ ჩვენი ხმები" - ხმაური მთაწმინდის საოლქო კომისიაში

„დემოკრატიული მოძრაობა“ მთაწმინდის მე-13 საუბნო კომისიას ბიულეტენების ხელმეორედ გადათვლას სთხოვს. პარტიის წევრების ინფორმაციით არიან ადამიანები ვინც ადასტურებენ, რომ ხმა სწორედ „დემოკრატიულ მოძრაობას“ მისცეს, თუმცა საუბნო კომისიაში დაფიქსირებულია ნული ბიულეტენი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ სულ მცირე ამ უბანზე 15 ხმა აქვს მიღებული.

„უბანი გაიხსნას და გადაითვალოს, როგორც აქ, ასევე სხვა უბნები. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ არ გვაქვს ნული ხმა. არიან კონკრეტული ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ მიცემული აქვთ ხმა ჩვენი პარტიისთვის,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბიულეტენების ხელმეორედ გადათვლის მოთხოვნით „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები დილიდან იმყოფებიან მთაწმინდის #1 საოლქო საარჩევნო კომისიაში. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

შელაპარაკება  პარტიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მასშემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ზირაქაშვილმა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს უთხრა, რომ მათი საჩივარი არ განიხილება.

„თქვენი საჩივარი არ განიხილება და რჩება განუხილავი, გამომდინარე იქიდან, რომ  ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით თუ იყო რაიმე სახის  დარღვევა, დაუყოვნებლივ უნდა დაწერილიყო  საარჩევნო უბანზე,“-განაცხადა მთაწმინდის #1 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ზირაქაშვილმა.

კახა კუკავამ  მთაწმინდის საოლქო კომისიის სხდომიდანვე დარეკა და ცესკო-ს თავმჯდომარესთან და  კომისიის ხელმძღვანელის  განცხადების  განმარტება მოითხოვა, თუმცა თამარ ჟვანიამ მას იგივე პასუხი გასცა.

კახა კუკავამ კომისიის წევრები ხმების მოპარვაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები