მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს“ ვადა დღის ბოლომდე აქვს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ორგანიზაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა და თიანეთში გამარჯვებულ კანდიდატად თამაზ მეჭიაური ცნო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერი კაპანაძე ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ მიერ წარდგენილი ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც განკარგულებების გაბათილებას ეხებოდა.
„დანარჩენი ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმის და #20 საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობას, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა,“ - განაცხადა მერი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ორგანიზაცია დეტალურად განიხილავს და ამის შემდეგ მოახდენენ რეაგირებას.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბათილად გამოაცხადა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ორი გადაწყვეტილება. პირველი, ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შესახებ და მეორე, 5 ბათილი ბიულეტინის „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაზ მეჭიაური მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც თიანეთის მერი ხდება.