აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობასა და მათ ევროპულ მისწრაფებებზე დისკუსია გაიმართა ტალინში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმი მიმდინარეობს.
შეხვედრას ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დაესწრო. მან დარბაზში დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის სამიტის დეკლარაციის ტექსტში ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაძლო შეტანის შესახებ.
ამ მუხლის თანახმად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს, შეუძლია ევროკავშირს წევრობის განაცხადით მიმართოს.
„დეკლარაციის ტექსტზე დისკუსია მიმდინარეობს, წევრმა ქვეყნებმა ახლახან დაასრულეს შიდა განხილვები. ახლა პარტნიორებთან დიალოგის პროცესში ვართ. ვფიქრობ, რომ შევჯერდებით ტექსტზე, რომელიც დაადასტურებს იმას, რაც წინა დეკლარაციებში უკვე ნათქვამია. წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ ჩვენი მხრიდან საჭიროა სათანადო პასუხი ამ ქვეყნებისთვის. ძლიერი კავშირები არის საუკეთესო გზა შემდგომი ნაბიჯებისთვის,” - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.