თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე შეაფასა.
კვირიკაშვილის თქმით, არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ და ეს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასებებითაც დადასტურდა.
პრემიერის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია. მისივე თქმით, არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა.
"ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ, - ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.
"ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
"გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში," - განაცხადა კვირიკაშვილმა.