საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ რეზოლუციას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ორპარტიულ რეზოლუციაში საუბარია აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, თუმცა ყურადღება გამახვილებულია ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებულ ხარვეზებზეც.
კონგრესმენი ჯინ გრინი და ტედ პო ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ამერიკული კომპანიები პრეტენზიებს გამოთქვამენ ბიზნესგარემოს, ბიუროკრატიული დარღვევებისა და მთავრობის ზოგიერთ ნაწილში კორუფციის ნიშნების გამო.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, კონგრესმენებმა „წითელი ბარათი“ აჩვენეს საქართველოს ხელისუფლებას.
„ეს განცხადება ნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესი წითელ ბარათს უწევს საქართველოს მთავრობას და მიანიშნებს იმაზე, რომ არის კორუფციის მაღალი ხარისხი და ბიუროკრატია ერევა თავისუფალი ბიზნესის განვითარებაში,“ - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
აშშ-ის კონგრესმენთა განცხადებას საქართველოსთვის სახიფათო სიგნალს უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, რეზოლუცია არის დასტური იმისა, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა წარსულისკენ მიჰყავს.
„ეს არის სახიფათო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ყვითელი ბარათი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. აქ არ არის ზოგადად გარემოზე შეფასება. მე ვიცი კონკრეტულად ის უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ივანიშვილის დავალებით იქნა შევიწროებული,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
ქვეყანაში კორუფციის კუთხით მძიმე ტენდენციაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
„ძალიან ღრმა და მძიმე ტიპის კორუფცია დაბრუნდა საქართველოს ხელისუფლებაში და ვხედავთ თუ რა ფორმით, ხელისუფლების ღია მითითებით როგორ იღებდა სასამართლო გადაწყვეტილებებს დიდი კომპანიების, მათ შორის დასავლური კომპანიების წინააღმდეგ,“ - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.