აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაქვეყნა რუსული უწყებების და სახელმწიფო ორგანიზაციების სია, რომლებთან თანამშრომლობისთვის სანქციებია გათვალისწინებული. 39 უწყებისგან შემდგარ სიაში, სხვადასხვა კომპანიასთან ერთად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, საგარეო დაზვერვა და რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბი მოხვდა.
ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ორგანიზაციას, ამერიკაში და სხვაგან, რუსეთის ამ სტრუქტურებთან მნიშვნელოვანი გარიგებებისთვის სანქციები დაუწესდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
„სანქციები ლიმიტს არ ითვალისწინებს და სიას ახალი კომპანიები შეიძლება დაემატოს... ყველაზე მთავარი საკითხია ის, რომ ეს სანქციები არა მხოლოდ ამ კომპანიებს დაუწესდება, არამედ მათ ბიზნეს პარტნიორებსაც,“ - აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, არიელ კოენი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სია კონგრესს გუშინ გვიან საღამოს გადაუგზავნა. ანალიტიკოსები მსჯელობენ, თუ როგორი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული უმწვავესი სანქციების შემდეგ ევროპული სახელმწიფოების პოზიცია.
ზაფხულში მიღებული კანონი სანქციების შესაძლო დაწესებას არა მხოლოდ სამხედრო და უშიშროების, არამედ ენერგეტიკულ სფეროზეც ითვალისწინებს.
ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა სანქციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას “მტრული გამოვლინება” უწოდა და განაცხადა, რომ კრემლში სიტუაციის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. სანქციების დაწესება 29 იანვრიდან უნდა დაიწყოს.