"ის, რაც შსს-მ გააკეთა, გარდაცვლილი ადამიანი მოანათლინა თუ მონათლა ნარკოტიკების თუ ფსიქოტროპულ საშუალებების მომხმარებლად, ეს იყო ამაზრზენი," - ასე გამოეხმაურა სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიძე, საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის შესახებ შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც მეზობელი გარდაცვლილის ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებაზე საუბრობდა.
"უნდა გამობრძანებულიყო შს მინისტრი ან მოადგილე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღოთ. შსს-ს არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა ჰყავს, ცდილობენ აირიდონ პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა რიგით თანამშრომლებს მიაწებონ. ეს კადრები არ უნდა გაევრცელებინათ, ეს იყო არაკომპეტენტურობის ზეიმი,“ - აღნიშნა შსს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას.
მისივე თქმით, პაატა პავლიაშვილი აგრესიულობით გამოირჩეოდა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თმენის ვალდებულება მაქსიმალურად გამოავლინეს.
კითხვაზე, როგორ უნდა ემოქმედა პოლიციას, როცა პავლიაშვილი ამბობდა, რომ იყო შეუძლოდ, ირაკლი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავებმა სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოს.
"პოლიციის თანამშრომლებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გამოეძახებინა და უნდა გადაემოწმებინა, იყო თუ არა ეს ადამიანი ცუდად. ეს ის შემთხვევა იყო, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გამოეძახა. აუცილებელი იყო პირველადი დახმარების აღმოჩენა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც,“ - განაცხად ირაკლი ქადაგიძემ.
სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელი გამოძიების დასრულებას ელოდება, რათა დააფიქსიროს მოსაზრება, იყო თუ არა პოლიციის მხრიდან გადაცდომა.