„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულებულია, თუმცა პარტიის ორგანიზატორები მჯდომარე აქციის გამართვას აანონსებენ. მათი გაცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში დარჩებიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ძალაში რჩება მოთხოვნების 9-პუნქტიანი სიაც, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს ეხება.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე საუბრობს.
„დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, არჩევნები გაყალბდა, კონსტიტუცია ერთპარტიულია, საარჩევნო დიქტატურა დამყარდა, კვირიკაშვილი გაურიგდა ბოკერიას და გაიტანა ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად არჩევნების გაყალბების გზით, ამიტომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში ეს ტყუილი და უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ლაღი ქვეყანა,“ - ამბობს ირმა ინაშვილი.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ.
„უვარგისი ხელისუფლება და უვარგისი მთავრობაა გასაპროტესტებელი, რომელიც მართლაც რომ არ არის ხალხისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. რით არიან დაკავებულები ვხედავთ ყოველდღე. ჩვენი ლოზუნგი არის ერთი დღეს, გადადგეს კვირიკაშვილის მთავრობა,“ - აცხადებს ადა მარშანია.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი კი ამბობს, რომ აქციები მანამ არ დასრულდება, სანამ ხელისუფლება არ გადადგება.
„ეს აქციები გაგრძელდება, სიხშირე ამ აქციების გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ იმდენი ხალხი გამოვა ბოლოს, რომ სულ გადავკეტავთ მთლიანად რუსთაველს და თავისუფლების მოედანს,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აქცია-მსვლელობა დღეს 16:00 საათზე დაიწყო. ლიდერები და მათი მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან დაიძრნენ და გაემართნენ მთავრობის ადმინისტრაციისკენ, სადაც მთავრობის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.