პრემიის ნაცვლად ჯილდო და ზღვრული დანამატი. პარლამენტი მთავრობის ახალი ინიციატივის განხილვას იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს. პრემიას სახელს უცვლიან, დანამატი კი წლიური ხელფასის მაქსიმუმ 10%-ით განისაზღვრება.
„ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს და ამ მოწესრიგების მთავარი ნაწილი არის ის, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს ბიუროკრატია და გამოთავისუფლებული ფული, ნაწილი უნდა მიეცეს მომუშავე ჩინოვნიკს და დანარჩენი უნდა წავიდეს მასწავლებლებისა და პენსიონერების შრომის ანაზღაურების და პენსიების გასაზრდელად,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციაში მმართველ გუნდს მოჩვენებითი ცვლილებების განხორციელებაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ ჯილდო იგივე პრემია კვლავ უკონტროლო რჩება მთელი რიგი უწყებების, მათ შორის პროკურატურის და მარეგულირებლების შემთხვევაში.
„პრემია ერქმევა, დანამატი ერქმევა თუ ჯილდო, როგორც ახლა კანონში ცვლიან, საქმე ხომ ტერმინში არ არის, საქმე არის შინაარსში და შინაარსობრივად მაღალი რანგის მოხელეებს კვლავ რჩებათ ძალიან დიდი უფლებამოსილება თვითონ განსაზღვრონ, ვის მისცენ პრემია იქნება, დანამატი თუ ჯილდო. დიდი ხარვეზია ის, რომ მთელ რიგ უწყებებს საერთოდ ამ კანონის გარეთ ტოვებს, მაგალითად პროკურატურას,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.