ეროვნული ვალუტის შეუქცევადი გაუფასურების პროცესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძე კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მისივე განცხადებით, საერთაშორისო კომპანიების შეფასებებიც ადასტურებს.
„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა, შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ყველას ანგარიშში არის ნახსენები, მთავრობას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს ქვეყანას იმისთვის, რომ მიიღოს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ამ წარმატებული პოლიტიკის შედეგია, რომ სარეიტინგო კომპანიებმა სუვერენული რეიტინგი წელს აუწიეს.
"რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს თუ არა რაიმე ჩარევა, ეროვნული ბანკი უკეთესად ხედავს პროცესებს, აქვს მეტი ინფორმაცია და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს იმ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე,“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეროვნულ ბანკს ლარის დასტაბილურების ბერკეტები გააჩნია, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთი, ინტერვენციის საშუალება. თუმცა, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ის ეროვნული ბანკის ჩარევის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„დღევანდელი მდგომარეობით, მოკლევადიან პერიოდზე რაც ახდენს გავლენას, მაგ მიმართულებით არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი აუცილებელია ჩაერიოს პროცესში,“ - აცხადებს კაკაურიძე.