უკრაინის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებას უარყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უმაღლესი ადმინისტაციული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარტია "ახალ ძალთა მოძრაობაში" კი აცხადებენ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა.
ამ ფაქტს არ გამოხმაურებია თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოლდოვურ ტელეკომპანიასთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მის შესაჩერებლად ყველაფრისთვის მზადაა.
„ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დამაკავონ, მაგრამ მე სიმართლისთვის ვიბრძვი, ვგრძნობ ჩემს გარშემო მყოფი ადამინების მხარდაჭერას. პოროშენკო ივანიშვილს დაუმეგობრდა და ამას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ მე მათი საერთო მტერი ვარ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ოლიგარქების ხელისუფლება მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში და ვფიქრობ, ეს ტალღა სწორედ უკრაინიდან დაიწყება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რა მოხდება უკრაინაში. მოლდოვისთვის და ბელორუსისთვის გადამწყვეტია როგორ განვითარდება აქ მოვლენები.
"ჩვენი მიზანი არაა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ჩვენ ვიბრძვით აზროვნების გადატრიალებისთვის, რომელიც დაასრულებს უიმედობას და გარდაუვალი მარცხის განცდას. საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იქ ოლიგარქი ზის, აღარაა ის ქვეყანა, რომელიც 15 წლის წინ იყო. ვითარებას იქ რუსეთის აგრესიის ფაქტორიც ამძიმებს. ვფიქრობ, დღეს უკრაინა მზადაა აზროვნების გადატრიალებისთვის,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.