„ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ოკუპაციის არაღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მოემსახურება.
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდეს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი აქტიური როლი ისეთ საერთაშორისო ფორუმებში, როგორიც არის არამარტო ევროკავშირი და ნატო, არამედ გაერო, მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნათელი და მკაფიო პოზიცია გლობალური უსაფრთხოების, ქვეყნების სუვერენიტეტის, ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართალზე დამყარებული ურთიერთობის საკითხებზე, ძალიან მკაფიო პოზიცია ღირებულებით პოლიტიკაზე, სწორედ ის, რასაც თქვენ და ესტონეთი აფიქსირებს გლობალურ ფორმატებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გლობალურად, მსოფლიოს მასშტაბით განხორცილდეს და შენარჩუნდეს სტაბილურობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„შეწუხებული ვარ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების გამო, მათ შორის, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული პირობებისა და იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობით. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება იყოს,“ - აცხადებს კერსტი კალიულაიდე.
მან ასევე, აღნიშნა, რომ რეფორმებით აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველო პირველ ადგილს იკავებს.
ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატოს სამიტების მოსამზადებელ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.