20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
რუსული პროპაგანდა საქართველოსა და მსოფლიოში - საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა განცხადება გააკეთეს

„ჰიბრიდული ომი საქართველოში 25 წლის წინ დაიწყო,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რუსულ პროპაგანდას.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

„ჰიბრიდული ომი საქართველოში 25 წლის წინ დაიწყო. მხოლოდ 2014 წელს მოხდა უკრაინაში ამის ზუსტი იდენტიფიკაცია, რომ, თურმე, რუსები ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. პირდაპირი ინტერვენცია და საზღვრების შეცვლის მცდელობა სამეზობლოში 2008 წელს მოხდა. მცდელობა პროპაგანდისა, ნაციონალიზმის და შოვინიზმის და ზიზღის შემცველი პოლიტიკური დისკურსის შემოტანით ქართველებმა ეს ყველაფერი კარგად უკვე ვიცით და კარგადაც გავუმკლავდით უკვე ამას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხებზე ყურადღებას ესტონეთი კარგად ამახვილებს.

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდემ აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავს სიტუაციაში ბევრი ქვეყანა აღმოჩნდა. პრეზიდენტის თქმით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპულ ქვეყნებსაც უწევს და მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას.

„რაც შეეხება რუსეთის მცდელობებს, ხელი შეუშალოს დემოკრატიის პროცესებს. ეს მართლაც, ახალი ტენდენციაა და ის არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ესტონეთს ან ლიტვას. იგივე გამოწვევების წინაშე საფრანგეთი, გერმანია და აშშ-ც აღმოჩნდნენ. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს, ამას უნდა გავუძლოთ,“ - აცხადებს კერსტი კალიულაიდე.

დღის ამბები