„შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევა, მუხთარლისა და დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბია საქმეები - ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომელთან დაკავშირებითაც საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრისთვის შეკითხვების დასმას გეგმავს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა იმიტომ, რომ ის დღემდე თავს არიდებს პარლამენტში მოსვლას. რაც შეეხება სავალდებულო ანგარიშს, ცხადია, ჩვენს კითხვებს, რომლებიც მინისტრთან გვაქვს და მის უშუალო პასუხისმგებლობას ეხება, ამას აუცილებლად დავსვამთ. ეს არის, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე, ასევე ნუცუბიძის ქუჩაზე წინა კვირას მომხდარი უბედური შემთხვევა,“ - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
კომენტარი პარლამენტში გიორგი მღებრიშვილის მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა.
გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანამ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით უკან დაიხია. ბარამიძე მინისტრის მიმართ მწვავე კითხვების დასმას აანონსებს.
„არის ძალიან ბევრი გამოუძიებელი საქმე, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ზედაპირზე დევს და საზოგადოებამ ვერ მიიღო ამასთან დაკავშირებით პასუხი,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.
საპარლამენტო ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას ითხოვს.