18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
„პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე“ - ოპოზიცია ჩატაევზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე ეკისრება. საპარლამენტო უმცირესობა მმართველი გუნდისგან განმარტებებს ითხოვს. მათი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დღითიდღე უფრო მეტი კითხვა ჩნდება. 

„ერთ კვირაზე მეტი გავიდა სპეცოპერაციიდან და ხელისუფლებამ დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რაც საზოგადოებამ პირველივე დღიდანვე იცოდა, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიდკვიდირებული იყო ახმედ ჩატაევი. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი გაჩნდა იმ საკითხებთან მიმართებაში, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით. როგორ მოხვდა თავის დროზე და რა პოლიტიკური შედეგი იყო, ქართული ციხიდან ჩატაევის გაშვება, როგორ შემოვიდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა და ბრალდება მოუხსნა მხოლოდ იმიტომ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისთვის ჩრდილი მიეყენებინათ.

რომან გოცირიძის თქმით, „პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე“

„ის, რომ ეს არის ჩატაევი, მნიშვნელოვნად ამძიმებს საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას, ვინაიდან ჩატაევი არის ამ ხელისუფლების პროდუქტი, ის გაათავისუფლა პროკურატურამ და ამის შემდეგ მან მოაწყო ტერორისტული აქტები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა, ოღონდ მას ხელი ჩაედო მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისათვის, თუნდაც ეს ყოფილიყო ცილისწამება,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები