03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
აზერბაიჯანში მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ბავშვი მარნეულში გადაასვენეს

ბაქო-თბილისის გზაზე გეკგელის რაიონში მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ბავშვი გვიან ღამით მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში გადაასვენეს.

"როდესაც გავიღვიძე, ავტობუსს უკვე ცეცხლი ეკიდა. ავტობუსში ჩემს ორ შვილთან ერთად ვიმყოფებოდი. ამის შემდეგ გონება დავკარგე. როდესაც გამოვფხიზლდი, ბიჭი გარდაცვლილი იყო. გოგონა ექიმებმა გადაარჩინეს," - მომხდარს იხსენებს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა მგზავრების ბარგი და დოკუმენტები. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადმოკვეთა აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულომ უზრუნველყო და მათთვის დროებითი სამგზავრო დოკუმენტები გასცა.

შემთხვევის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა. მათ განჯის საავადმყოფოში მკურნალობენ. ბაქო-თბილისის ავტობუსით სულ 40-მდე ადამიანი მგზავრობდა, მათ შორის საქართველოს 15 მოქალაქე. ორი დაშავებული თბილისში რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ. ექიმების თქმით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისათვის განჯის საავადმყოფოში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. მათგან ერთი ავტობუსის მძღოლია.

ავარიის გამომწვევ მიზეზებს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები იკვლევენ. არის ვარაუდი, რომ ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.

დღის ამბები