შეეცვლება თუ არა აღკვეთის ღონისძიების ფორმა - გირაო პატიმრობით თამაზ ქვლივიძეს - გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს. ქვლივიძეს პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ადანაშაულებენ.
მის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული. აქედან ერთ-ერთი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაა.
26 წლის ახალგაზრდამ მძიმე ჭრილობები სამ ადამიანს მას შემდეგ მიაყენა, რაც ის კლუბში არ შეუშვეს. ბრალდების მხარე დაზარალებულებთან ერთად თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
“მოგვიწია ღიად დავპირისპირებოდით იმ უსამართლო სისტემას, რომელიც ერთის მხრივ იმ სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პირი, პოტენციური მკვლელი გირაოს საფუძველზე ქუჩაში დაიარება და მეორეს მხრივ, მიკროგრამებზე დაჭერილი ადამიანები წლობით ციხეში ატარებენ თავისუფლების დროს. ანუ დიახ ჩვენ ვითხოვთ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს,“ - განაცხადა კლუბ „ბასიანის“ მფლობელმა ეროლ ქელბაქიანმა.
მედიას და არასამთავრობო სექტორს სასამართლოზე ზეწოლაში სდებს ბრალს, ბრალდებულ ქვლივიძის ადვოკატი.
„რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას, ეს არის ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა მოსამართლემ. ხოლო ის აჟიოტაჟი, რაც დღეს ნებისმიერ ტელევიზიაში ხდება, ის კომენტარები, რასაც აკეთებენ არასამთავრობოები და სხვადასხვა თანამდებობის პირები, არის აბსოლუტურად კლასიკური მაგალითი თუ როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე,“ - აცხადებს თამაზ ქვლივიძის ადვოკატი ზაზა მესხი.